ნგრევა შენების სახელით
ფესტივალის გახსნის დღის პირველ სესიას ვუთმობთ ფილმებს საქართველოს 4 რეგიონიდან, სადაც შენების სახელით დაწყებული ან დაგეგმილი პროექტები - იქნება ეს “მრავალფუნქციური კომპლექსი” კურორტზე (“ბახმარო 2050”), “ტურისტული ზიპლაინი” ბუნების უნიკალურ ძეგლზე (“გველეშაპი”), ფინანსური თაღლითობის სქემა, ე.წ. კრიპტოვალუტის პირამიდა (“ციებ-ცხელების შემდგომ”), თუ წიაღისეულის მოპოვება სოფლის სახლებქვეშ (“მარგანეცს შეწირული სოფელი”) - გვაჩვენებს ერთ - კერძო მოგების - იდეას დაქვემდებარებული პროექტების სხვადასხვა სახეს და ფორმას, რომელთა რეალური “წარმატება” ადამიანის და ბუნების ექსპლოატაციაზე დგას.
დომინანტური პოლიტეკონომიური ნარატივი, მშენებლობად და პროგრესად მონათლული ამგვარი პროექტებით, ქმნის მრუდე წარმოდგენებს, და საფრთხეების იგნორირებით და სიცოცხლის სრული გაუფასურებით, ინვესტიციას ამ ადგილების, ხალხის და ქვეყნის ხსნად წარმოგვიჩენს.
ფილმებში წარმოდგენილი ამ პროექტების მიმართ გაჩენილ წინააღმდეგობებზე საუბრით, გვინდა, დავფიქრდეთ, კრიტიკულად შევხედოთ და ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რას ეძახიან და რა შეიძლება იყოს დღეს შენება.
დღის მეორე ნახევარში, წარმოგიდგენთ იაპონურ ფილმს (“ბოროტება არ არსებობს”), რომელიც საშუალებას მოგვცემს, დავინახოთ, რამდენად იდენტური შეიძლება იყოს დედამიწის ერთმანეთისგან მოშორებულ წერტილებში კაპიტალის სურვილი, ლოგიკა და მოქმედება. ფილმში მოსმენილი, ინვესტორების მიერ ადგილობრივ მოსახლეობასთან მიგზავნილი მედიატორების ფრაზები, დღესაც ხშირად გვესმის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სადაც გარემოსდაცვითი პროტესტებია გაშლილი.
სოფელი შუქრუთი, ჭიათურის რაიონის სხვა სოფლების მსგავსად, მარგანეცის მოპოვების შედეგად ინგრევა და ქრება. ხუთი წელია ამ სოფელში მცხოვრები ადამიანები მძიმე ყოფას აპროტესტებენ, მაგრამ ამ დრომდე მათ ვერც ადგილობრივი და ვერც ცენტრალური ხელისუფლების ყურადღება ვერ მიიქციეს. 32-ე დღეა შუქრუთელები შიმშილობენ და პირი აქვთ ამოკერილი. ფილმში გიორგი ნეფარიძე, სოფელი შუქრუთის მკვიდრი, ჰყვება უწყვეტი პროტესტის ისტორიას და აღწერს რა ელის შუქრუთს უახლოეს მომავალში.
უნიკალური კურორტი ინვესტორის ხელშია. 12-მეტრიან შენობაში 350 აპარატამენტია გათვალისწინებული და წელიწადში 300 000 სტუმარს ელოდებიან. სახელმწიფომ ,,ორბის” 4.3 ჰექტარი მიწა 1 ლარად გადასცა. საქართველოში ქალაქების განვითარების მტკივნეული გამოცდილება რეჟისორისთვის კატასტროფული შედეგის მომტანია. სანამ კურორტზე ინტენსიური მშენებლობა დაიწყება, ანკა გუჯაბიძე ბახმაროში ჩადის და მის ხელშეუხებელ ბუნებას, ყოფას, ადამიანების ყოველდღიურობას კამერით აღბეჭდავს. ფილმში წარმოსახვა ის გარდაუვალი რეალობა ხდება, რომელსაც შეიძლება ბახმაროს უნიკალური ბუნება შეეწიროს.
ბაჩო და ცოტნე აღმოაჩენენ, რომ მათი სოფლის გული, ბალდის კანიონი, კერძო კომპანიას გადაეცა 40 წლით. რა ხდება მაშინ, როცა საკრალური ადგილი იყიდება? სოფელ ბალდას თავისი საგანძური აქვს: ულამაზესი კანიონი, რომელიც სიცხეში ადგილობრივების თავშესაფარი, რიტუალების მასპინძელი და მთავარი თავშესაქცევია. ბაჩოსთვის ეს ინიციაციის ადგილია. ადგილი, რომელიც ძალას აძლევს. ერთ დღესაც აღმოაჩენს, რომ კანიონი, რომელიც მისი და მისი ძმის ბავშვობის ფანტაზიებსა და მოგონებებს ირეკალავს, კერძო კომპანიას იჯარით აქვს გადაცემული. სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია და ვიღაცას მდინარეც შემოუღობავს. ადგილობრივები მდინარისთვის ბრძოლას იწყებენ. როგორც ზღაპრებშია, გველეშაპის წინააღმდეგ, რომელიც ხალხს მდინარეს ართმევს.
Საქართველოს უახლეს ისტორიაში ფინანსური პირამიდა ყველასთვის ნაცნობი მოვლენაა. ფინანსურმა ორგანიზაციებმა, კერძო კრედიტორებმა, სამშენებლო კომპანიებმა - ყველამ აიღო ხალხისგან ფული იმ პირობით, რომ მოგებას დაუბრუნებდნენ. Მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ფული გაქრა. ფილმი გვიჩვენებს ადამიანების გულუბრყვილო დამოკიდებულებას ფულთან დაკავშირებით, უფრო სწორად, სწრაფად გამდიდრების სასოწარკვეთილ მცდელობებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფულის შოვნის მეთოდები ძალიან საეჭვოა. ფილმი გადაღებულია ჯავახეთში, საქართველოს სამხრეთ რეგიონში, სომხეთთან და თურქეთთან საზღვარზე, სადაც ძირითადად, ეთნიკური სომხები ცხოვრობენ.
ტაკუმი და მისი ქალიშვილი ჰანა, ტოკიოს მახლობლად, სოფელ მიზუბიკიში ცხოვრობენ. მათი ჩვეული ცხოვრება რისკის ქვეშ დგება, როცა ოჯახი იგებს, რომ ტურისტული "გლემპინგის" მშენებლობა სოფლის წყალს დააბინძურებს. მას შემდეგ რაც ტოკიოდან ჩამოსული, კომპანიის წარმომადგენლები ტურიზმის მოსალოდნელ უარყოფით გავლენას თავისი პასუხებით ადასტურებენ, სოფლის მოსახლეობა მშვიდად ვეღარ აგრძელებს ცხოვრებას.