თხრობა ადგილზე და ადგილის თხრობა
ფესტივალის მეორე დღეს გავაგრძელებთ თხრობას იმ დავიწყებული (“წარსულში უკეთ იქნება”), ან „შეგულიანებული“ ადგილების შესახებ, რომლებიც პროგრესის სახელით ასათვისებელ, მსხვილბიუჯეტიანი ამბიციებისთვის განკუთვნილ არეალადაა მონიშნული (“ღრუბლებს ზემოთ დგომა”). ზოგან, გუშინ ჩაღვრილ მილიონებს, დღეს ტურიზმის მოჩვენებები დაეპატრონნენ (“არაფერია ბუნებრივი”). ზოგი მათგანი კი ბიუჯეტსმიღმა დარჩენილ, ზრუნვითა და სიყვარულით მოფრთხილებულ ადგილად იქცა (“ბავშვებსა და ზღვაზე”). ჩვენი პროგრამა მოგიყვებათ ამ ადგილებთან თანაზიარ, საკრალურ ურთიერთობაში მყოფ ადამიანებსა თუ სხვა ცოცხალ არსებებზე.
ადგილების შესახებ ამბების თხრობით, ფილმები ამ ადგილებთან მიმართებაზეც გვიყვებიან და მათ სხვადასხვა პერსპექტივიდან გვაჩვენებენ. შეგვიძლია დავაკვირდეთ, როგორ განისაზღვრება და იცვლება ადგილთან მიმართება კლასობრივი, გენდერული, ან ადამიანის და სხვა ცოცხალი არსების (“წინააღმდეგობა ნაყოფიერია”) ხედვის მიხედვით.
ამასთან, ვაკვირდებით ერთ მნიშვენლოვან განსხვავებას: როდისაა ადგილთან მიმართება ცალმხრივი სურვილით - დამორჩილებით და გამოყენებით - განპირობებული, და როდისაა ეს მიმართება თანასწორი დიალოგი ადამიანებს, ბუნებას და სხვა ცოცხალ არსებებს შორის.
ამის საფუძველზე, კრიტიკულად გავიაზრებთ ადგილებთან დომინანტური ანთროპოცენტრული მიმართებით გამოყენებულ ცნებებს, როგორიცაა მიტოვებული ან ათვისებული ადგილები.
თავდაპირველად ორი რეჟისორის ჩანაფიქრი, საბოლოოდ ერთ-ერთი მათგანის ფილმად იქცა. ამბად, რომელიც წლების შემდეგ ამხელს გრძნობებს, რომლებიც ფილმის გადაღებისას ვერ ამოითქვა.
"ღრუბლებს ზემოთ დგომა" მკვიდრ ჰავაელ დედა-შვილებზე გვიყვება, რომლებმაც აქტივიზმის გზით ყველაზე საკრალური მთის, მაუნა კეას დაცვა გადაწყვიტეს. ჰავაელი აქტივისტები მთას მსოფლიოში ყველაზე დიდი ტელესკოპის აშენებისგან იცავენ.
მერვე უბანში არაფრით გამორჩეული ზაფხულის დღეა, თუმცა მოსაღამოებისას ცაზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩნდება. "წინააღმდეგობა ნაყოფიერია" ექსპერიმენტული მზერით აკვირდება მოვლენების განვითარებას.
პატარა ზღვისპირა ქალაქში, ავეჯის ნარჩენებისგან აშენებულ საბავშვო პარკს არასდროს სძინავს და მუდმივად სანატრელი სტუმრების მოლოდინშია, თუმცა სტუმრები არ ჩანან. სტაგნაციაში ჩაფლულ საპორტო ქალაქში, იმ ადგილას, სადაც მდინარე რიონი და ზღვა ფოთში ერთმანეთს უერთდება, ერთი უცნაური სივრცეა. მაღალ ძელებზე შემომსხდარი ძველი თოჯინებით, ხელით მოხატული ფრინველებით და დელფინებით, ერთი ასაკიანი კაცი ბავშვებისთვის პარკის მოწყობას ცდილობს. ამ ზღვისპირა პარკს დღისით სხვადასხვა ფუნქცია აქვს: ხან სავარჯიშო დარბაზია, ხან პოლიტიკაზე მსჯელობისა და დისკუსიის სივრცე, ხანაც ნარდის სათამაშო ადგილი. დროდადრო ბავშვებიც გამოჩნდებიან ხოლმე. ღამით კი, როცა თოჯინები მარტო რჩებიან, ის განსაკუთრებით მისტიკური და უჩვეულო ხდება.
„მისი აბსურდული ხმა ცირკის მსგავს პანორამას ქმნის. მიტოვებულ სახელმწიფო მიწაზე მდგარი, თავისი ამბით მოკუმენტურ (mockumentary) ჟანრს ეხმიანება და სავსეა უსაზღვრო აბსურდულობითა და უთვალავი ტრაგიკული შემთხვევით თურქეთის წარსულიდან. ნათელი ხდება, რომ "ნატურლენდ ეკო პარკის" კონტროვერსიული ამბისთვის თვალის მიდევნება ქვეყნის ბოლო ოცდაათწლეულში გვამოგზაურებს.” - იჰლავას საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი